ძილის მნიშვნელობა ადიქციის დაძლევის პროცესში

ნივთიერებების მოხმარების აშლილობის (Substance Use Disorders) მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ძილის დარღვევამ შეიძლება თავი იჩინოს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პერიოდში (ნიკოტინი, ალკოჰოლი, კანაფი, კოკაინი და სხვა), აღკვეთის მდგომარეობისას (მოხმარების შეწყვეტის შემდეგ), ასევე რეაბილიტაციის პერიოდშიც და შეიძლება მოხმარებისგან თავშეკავების რელაფსის საფუძველიც გახდეს. ძილის დარღვევა მოიცავს ისეთ მდგომარეობებს, როგორიცაა ინსომნია, ჩაძინების პრობლემა, ძილის ციკლების დარღვევა, ძილიანობა, აპნოე, შფოთვით ძილი. ძილის ქრონიკულ დარღვევას შეიძლება მოყვეს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

გამომდინარე იქიდან, რომ ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერების მოხმარების რეციდივი, რეაბილიტაციის პროცესში ძალაინ მნიშვნელოვანია ამ პრობლემის გადაჭრაც. ამ გზაზე გასათვალისწინებელია უძილობის გამომწვევი სხვა მიზეზებიც, როგორიცაა სოციალური, სამედიცინო პრობლემები, ფსიქიკური აშლილობები, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, სხვა გარემოებები.

ძილის დარღვევების არაფარმაკოლოგიური მკურნალობა ნივთიერებების მოხმარების აშლილობის მქონე პაციენტებში მეტად სასურველია, რადგან ფარკამოლოგიური მკურნალობის შემთხვევაში არსებობს როგორც ახალი ადიქციის შეძენის, ასევე ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად მოხმარებისას, ავადმოხმარების რისკიც. მაგალითად ალკოჰოლთან ერთად ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტების მიღება იწვევს სუნთქვის დათრგუნვის რისკს.

ძილის დარღვევის თერაპიის არაფარმაკოლოგიური მეთოდები შეიძლება იყოს: 

გაცნობიერების მედიტაცია (Mindfulness meditation) – პაციენტი გადადის მოსვენებით მდგომარეობაში, ახდენს ყურადღების ფოკუსირებას მიმდინარე მომენტზე, რაც ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს თვითკონტროლს.

კუნთების პროგრესული რელაქსაცია – პაციენტი კონცენტრირდება კუნთების სხვადასხვა ჯგუფების დაძაბვასა და შემდგომ რელაქსაციაზე.

სტრესის კონტროლი – პაციენტი აცნობიერებს სტრესზე საკუთარ ფიზიოლოგიურ რეაქციებს და სწავლობს მათ მართვას.

კოგნიტურ-ბიჰეივიორული ფსიქოკონსულტირება – იცვლება პაციენტის არაადაპტური რწმენები, რაც ცვლის მის ქცევებს, აუმჯობესებს ემოციურ მდგომარეობას.

სტიმულების კონტროლი – პაციენტი თავიდან აკავშირებს საკუთარ საძინებელს სწრაფ ჩაძინებასთან.

ფიზიკური ვარჯიში – რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს სტრესს და იწვევს ფიზიკურ დაღლას.

ძილის შემცირების თერაპია – პაციენტი ზღუდავს ძილის ხანგრძლივობას დღეში რამდენიმე საათამდე, შემდეგ კი თანდათანობით ზრდის ძილის ხანგრძლივობას საათების სასურველ ოდენობამდე.

თერაპია სინათლით – მძაფრი, ბუნებრივი სინათლე დღის განმავლობაში ხელს უწყობს ძილის რეჟიმის ნორმალიზებას, ხარისხიანი ძილისთვის მნინელოვანი, ჰორმონ მელატონინის გამომუშავების სტიმულირებით.

სტომატოლოგიური მოწყობილობები – ეხმარებიან ობსტრუქციული აპნოეს მქონე პაციენტებს ძილის დროს ნორმალურ სუნთქვაში.

 

გამოყენებული წყარო: Treating Sleep Problems of People in Recovery From Substance Use Disorders, Substance Abuse and Mental Health Services Administration (SAMHSA), U.S. Department of Health and Human Services (HHS)

Exit mobile version