ტოქსიკური ურთიერთობები — რა ნიშნები ახასიათებს და როგორ ვმართოთ ის

A prickly-pear cactus with a pad growing in the shape of a heart

რას ნიშნავს ტოქსიკური ურთიერთობა

როდესაც ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ბევრმა არც კი ვიცით, რომ ურთიერთობების შესახებ ჩვენი წარმოდგენები და რწმენები ზოგჯერ თავიდანვე ტოქსიკურია. ჩვენ კულტურაში (და არა მხოლოდ) ღრმად არის გამჯდარი ტოქსიკური ქცევის ნიმუშები, რომლებიც არა თუ დამაზიანებლად, არამედ რომანტიკულადაც არის შეფასებული. მაგალითად, ფილმებში არაერთხელ გვინახავს “თავბრუდამხვევი” და ირაციონალური სასიყვარულო ურთიერთობის სცენები, სადაც წყვილის ბრუტალური ჩხუბისა და ეჭვიანობის, თეფშების ლეწვის შემდეგ, შერიგების სცენა ცრემლს გვგვრის და ბედნიერი დასასრულით კმაყოფილები ვართ. არც თუ ისე ცოტა სცენა გვინახავს, სადაც ურთიერთობაში პარტნიორის ობიექტივიზაცია და მესაკუთრეობა მისასალმებელია, კარგია და ამის გამო ხშირად რეალურ  ცხოვრებაში პარტნიორებს აღვიქვამთ არა როგორც იმ ადამიანს, ვისთანაც ვიზიარებთ ემოციებს და ვაძლიერებთ ერთმანეთს, არამედ როგორც პრიზს, მიღწევას ან საჩუქარს.

ტოქსიკური ურთიერთობის მრავალი განმარტება არსებობს და ყველა მათგანი არის საპირისპირო ჯანსაღი ურთიერთობისა, რაც მოიცავს პატივისცემას, ნდობასა და მხარდაჭერას. ტოქსიკური ურთიერთობის დროს ადამიანები მანიპულირებენ, პატივს არ სცემენ ერთმანეთს და ასეთ ურთიერთობას თან ახლავს შფოთვა, წუხილი და სევდა. ტოქსიკურ ურთიერთობას აღარ მოაქვს სიხარულის, კმაყოფილების განცდა და ყოველი კომუნიკაცია იწვევს გამოფიტულობას, სევდას, წუხილს.

ტოქსიკურობა შესაძლებელია არსებობდეს ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში: რომანტიკულ პარტნიორებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებსა და კოლეგებს შორისაც.

ტოქსიკურ ურთიერთობაში ადამიანები გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მუდმივად ძირს უთხრიან და ზიანს აყენებენ პარტნიორს/მეგობარს/კოლეგას. ადამიანის ტოქსიკურობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. შესაძლოა, მათ უკვე გამოცადეს მსგავსი ურთიერთობები და თავად გახდნენ ტოქსიკური პარტნიორები ან მეგობრები; შესაძლოა, პრობლემა აღზრდის სტილსა და ნიმუშებშია; შესაძლოა, ადამიანი ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი. ტოქსიკურობის მიზეზი შეიძლება იყოს  სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობაც — დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოპათია, კვებითი დარღვევა ან ნებისმიერი სახის ტრავმა. ზოგი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ტოქსიკური ურთიერთობის მიზეზი უბრალოდ არათავსებადი დაწყვილების მიზეზიც შეიძლება იყოს. მაგალითად, როცა ორივე კონტროლის მოყვარული ან სარკასტულია.

ძირითადი ნიშნები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ

ტოქსიკური ურთიერთობების ნიშნებია:

ტოქსიკური კომუნიკაცია — ურთიერთობის ენა გაჯერებულია დამცინავი ტონით, სარკაზმითა და ხშირი კრიტიკით, ასევე, მეორე ადამიანის იგნორირებით დიალოგის დროს. ტოქსიკურ ურთიერთობას თან ახლავს პასიურ-აგრესიული ქცევა და ადამიანის მუდმივად დადანაშაულება თუნდაც წარსული შეცდომების გამო.  შესაძლოა, თქვენ ხშირად გაჩუმებდნენ და არ გაძლევდნენ საშუალებას, გამოთქვათ თქვენი აზრი ან ისაუბროთ თქვენს ემოციებზე. ტოქსიკური ურთიერთობის ნიშანია, როდესაც უგულებელყოფენ თქვენს აზრს და კომუნიკაციის ნებისმიერ მცდელობაზე პასუხი არის სიჩუმე.უპატივცემულობა

უპატივცემულობა — სხვადასხვანაირად მჟღავნდება, ყველაზე ხშირად კი ტოქსიკური კომუნიკაციის დროს. შესაძლოა, ტოქსიკურობა გამოხატული იყოს სხვების თანდასწრებითაც, უხეში ან დამამცირებელი სახელების დაძახებითა და სარკაზმით. ტოქსიკური პარტნიორი ან ახლობელი ურთიერთობისას არათუ არ უჭერს მხარს ადამიანს, არამედ არც კი აღიარებს მის კომპეტენციას და აუფასურებს უნარ-ჩვევებსა და მიღწევებს.

ეჭვიანობა და უნდობლობა — ეჭვიანობა გამოიხატება მუდმივ უნდობლობასა და ქცევის კონტროლში. ტოქსიკური ადამიანი ხშირად გეკითხება სად იყავი/სად ხარ, რატომ არ უპასუხე ტელეფონზე მაშინვე და გამოხატავს გაღიზიანებას. მეტიც, ის ღიზიანდება მაშინაც კი, როცა საუბრობთ, რეკავთ, წერთ ან სუნთქავთ სხვა ადამიანის სიახლოვეს, გაღიზიანებას კი თქვენთან გამოხატავს. ასევე, შესაძლოა,  ჩუმად სცადოს თქვენი ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელისა და სხვა პირად სივრცეში არსებული მიმოწერის ნახვა და წაკითხვა.

საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფა — თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, მუდმივად გიწევდეთ იმის კეთება, რაც პარტნიორს/მეგობარს/ოჯახის წევრს სურს, მაშინ, როცა ეს ეწინააღმდეგება თქვენს სურვილს ან კომფორტს.

თავის არიდება — თუ თქვენ მუდმივად იგონებთ ტყუილებს იმის შესახებ, თუ სად ან ვისთან ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ადამიანთან ყოფნა, რადგან გაწუხებთ მასთან ურთიერთობა და თავს გრძნობთ ცუდად, სტრესის ქვეშ, ეს ტოქსიკური ურთიერთობის  მანიშნებელია.

თვითზრუნვის ნაკლებობა — ტოქსიკურ ურთიერთობაში, შესაძლოა, ადამიანმა თავი დაანებოს საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკებს ან საყვარელ საქმიანობას. უფრო მეტიც — უგულებელყოს საკუთარი საჭიროებები და არ ჰქონდეს თავისუფალი დრო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენერგიის არ ქონა, რადგან მთელი ენერგია ტოქსიკურ ურთიერთობას ხმარდება, ან ტოქსიკური პარტნიორის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვა თქვენი ჰობის მიმართ.

ურთიერთობაში პრობლემის გადაწყვეტის სიმულაცია — ტოქსიკური პარტნიორი პრობლემის გაცნობიერების, მასზე საუბრისა და მოგვარების ნაცვლად, ხშირად “ყიდულობს” ურთიერთობას, რაც გულისხმობს პარტნიორისთვის რაიმე ნივთის ჩუქებას ან სადმე წაყვანას. ამით ის ცდილობს გამოიწვიოს პოზიტიური ემოციები და დროებით გადაფაროს რეალური პრობლემა, რომელიც რჩება და მეორდება მორიგი ახალი ნივთის შეძენამდე.

ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები განიცდიან უკმაყოფილებას, შფოთვას და ხშირად საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რომ არაჯანსაღ ურთიერთობაში არიან.

ზოგჯერ ურთიერთობაში ხშირი ჩხუბი განპირობებულია იმ მიზეზით, რომ ადამიანები არ ფლობენ ჯანსაღი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, არ შეუძლიათ საკუთარი ემოციებისა და აზრების გამოხატვა და საჭიროდ არ მიიჩნევენ მათზე საუბარს, ამიტომ ხშირად გასათვალისწინებელია კონტექსტი: რატომ, როდის, რა სიხშირით და რა შემთხვევაში ხდება უთანხმოება.

როგორ მოვიქცეთ, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ

ტოქსიკური ურთიერთობები ადამიანებს აზიანებს, რადგან ქრონიკული სტრესი და დაძაბულობა აისახება ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუ წყვილი, ოჯახის წევრები ან ნებისმიერ ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ხვდებიან და აცნობიერებენ, რომ მათი კავშირი არაჯანსაღია, შესაძლებელია, ერთად შეცვალონ ურთიერთობა უკეთესობისკენ. ზოგ შემთხვევაში, სადავ ვერ ხერხდება ურთიერთობის გამოსწორება, სჯობს ის დასრულდეს.

გახსოვდეთ, იმსახურებთ ბედნიერ, მშვიდ, ჯანსაღ ურთიერთობებს, რომლებსაც მოაქვს სიხარულის განცდა. არავის დათანხმდეთ ზიანის მომტან ურთიერთობაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

 

Exit mobile version