ჩვენ კითხვებს პასუხობს ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ჯანა ჯავახიშვილი.
რა ფსიქო-სოციალური ფაქტორები შეიძლება განაპირობებდნენ ადამიანში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეულ დამოკიდებულებას?
რთული შეკითხვაა. ბევრი ათწლეულია მეცნიერები ცდილობენ მიხვდნენ როგორ შეიძლება რომ თავიდან აიცილო, როგორ შეიძლება განსაზღვრო ვინ არის უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ძირითადად მიდიოდა ძიება იმ მიმართულებით, რომ ხომ არ არის რაიმე პიროვნული ნიშნები, რომელიც ამას განაპირობებს. ახლა უკვე ნათელია, რომ სხვადასხვა პიროვნული თვისებების მქონე პიროვნება შეიძლება გახდეს დამოკიდებული და ეს მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. მაგალითად კვლევებით არის კავშირი ნანახი სკოლის გაცდენასა და დელიქვენტურ ქცევას შორის.
დელიქვენტურია ქცევა, რომელიც გაზიარებული ნორმებიდან გადახვეულია, მათ შორის ფსიქოაქტიური საშუალებების მოხმარება. იმიტომ რომ საზოგადოებაში ფსიქოაქტიური საშუალებების არ მოხმარება ნორმაა, ვერ ვიტყვი იგივეს ალკოჰოლის მიმართ, მაგრამ არალეგალური საშუალებების მიმართ უფრო ნორმაა რომ არ მოვიხმაროთ. ამავე დროს, თუ მოზარდობის ასაკშია ადამიანი და მის წრეში მოიხმარენ, მაშინ ეს ნორმატიული ქცევაა. წინათ დიდ აქცენტს აკეთებდნენ „აი ჩემი შვილი კარგი შვილია, მაგრამ გავლენა იქონიეს მასზე. კი გავლენას აქვს როლი, მაგრამ ოჯახსაც დიდი როლი აქვს, ინდივიდუალურ თავისებურებებს აქვს როლი, მაკრო დონის მოვლენებს აქვთ როლი. მაგალითად, სიღარიბესთან კავშირშია, გეოგრაფიულ, ფინანსურ, ასაკობრივ ხელმისაწვდომობასთანაც კავშირშია. თუ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე ვსაუბრობთ მაშინ ეს არის ემოციური რეგულაციის სირთულეები, იმპულსური ქცევის კონტროლი როდესაც უჭირს ადამიანს.
პრინციპში კი შეგვიძლია ტიპიური მაღალი რისკის ადამიანი გამოვიგონოთ, ვთქვათ აი ოჯახშიც კონფლიქტები იყო, უჭირდა ბავშვობიდან იმპულსების კონტროლი, ამას ყურადღება არ მიაქციეს, ვთქვათ სწავლის სირთულეები ჰქონდა, სკოლაში არ მიხედეს, არ იყო პედაგოგი მგრძნობიარე მის მიმართ, გარკვეულად გარიყა სასწავლო პროცესიდან, დაიწყო გაკვეთილების გაცდენა, გავიდა უბანში იქ კიდევ ხელმისაწვდომი იყო ფსიქოაქტიური ნივთიერება, ნორმა იყო მოხმარება, სერვისები არ იყო, პრევენციული პროგრამები არ იყო და ა. შ.
თუმცა ისევ, ყოველთვის არ არის ასე ერთმნიშვნელოვნად, შეიძლება ხელშემწყობი პირობები იყოს, მაგრამ დამოკიდებულება არ ჩამოყალიბდეს. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა ნივთიერებას მოიხმარს ადამიანი, იმიტომ რომ სხვადასხვა ნივთიერებას სხვადასხვა მიჩვევის პოტენციალი აქვს. სხვადასხვა დონეზეა ფაქტორები და როგორ შეიკვრება ეს მოზაიკა კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
ზრდასრულ ასაკში როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს ხელი შეუწყოს, რომ რეკრეაციული მოხმარებიდან არ გადავიდეს ყოველდღიურ მოხმარებაზე? როგორ შეიძლება ამოიცნოს ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულების ნიშნები?
ორი მესამედი შემთხვევებისა, როდესაც ადამიანი ხდება დამოკიდებული მოდის მოზარდობიდან ანუ მოზარდობა მართლა კრიტიკული მომენტია თუმცა მოზარდობამდე აქვს ადამიანს ისტორია და ბევრი ფაქტორია, კვლავ ვიტყვი, რომ აქ ერთმნიშვნელოვანი რეცეპტები არ არსებობს. რეცეპტებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ პრევენციაზე, ვსაუბრობთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციული ბლოკი. რას ვგულისხმობ, რომ ადამიანს შეეძლოს ემოციების მართვა, შეეძლოს პრობლემების გადაჭრა, ადამიანს შეეძლოს სოციალური ურთიერთობები, კომუნიკაცია, კონფლიქტის არ შეეშინდეს ასე ვთქვათ და შეეძლოს მისი მართვა- ტრანსფორმაცია, სტრესის მართვა.
ბევრი უნარ-ჩვევაა სინამდვილეში. საზრისის ქონა უნარ-ჩვევა არ არის, მაგრამ თუ მე ვიცი რა მინდა ან თუ ძიებაში ვარ და ეს ძიება მე არ მაშფოთებს, არ მაწუხებს და პირიქით აზარტს მაძლევს, და დროც მეტ-ნაკლებად სტრუქტურირებული მაქვს, ანუ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, მაშინ რისკები მცირდება. გარემოში უნდა იყოს შესაძლებლობები, საკუთარი თავის რეალიზაციისთვის. მაგრამ მაინც არ მინდა გავამარტივო ეს ამბავი, მაგალითად, შეიძლება ძაანაც ვადგე რეალიზაციის გზას და ისე მოხდეს, რომ ვიღაცამ რაღაცა გამასინჯა და ეს რაღაცა მიჩვევის მაღალი პოტენციალის იყო და ა. შ.
რაც შეეხება კლუბურ სუბკულტურას ჩვენ ვიცით რომ ძირითადად ეს არ არის ისეთი ფსიქოაქტიური საშუალებები, რასაც ყველაზე მაღალი მიჩვევის პოტენციალი აქვს. თუმცა ნარკოინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული ახალი ფსიქოაქტიური საშუალებები ხშირად მიჩვევის მაღალი პოტენციალით ხასიათდება.
როდესაც თინეიჯერობიდან გამოსულები ვართ, მაგრამ მოწიფულობაში ჯერ არ ვართ შესულები, ასე 24-25 წელზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია შენი თავი ისე ეძებო, რომ იცოდე რა გინდა, უნარ-ჩვევები გქონდეს, თუ არ გაქვს იმუშავო ამ უნარჩვევების გამომუშავებაზე, ფრთხილი დამოკიდებულება გქონდეს, რაც არ იცი არ მოიხმარო, კვლევები აჩვენებს, რომ ახალ ფსიქოაქტიურ საშუალებებში ამ თვალსაზრისითაც მაღალი რისკია, არავინ იცის რას მოიხმარ და ეს შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს.
მარტივი რეცეპტები აქ არ არის, ერთი იმის თქმა შეიძლება, რომ შენ გზას არ გადაუხვიო, არ დაგავიწყდეს რა არის შენთვის პრიორიტეტული, თუ რაღაცა პრობლემაა, გადაჭერი ეს პრობლემა. რაც მთავარია, თუ ეს გართობისთვის კეთდება და სოციალური ურთიერთობებისთვის, უამრავი ალტერნატივაც არის და რომ არ იყოს ეს მონო ქცევა, გართობის დივერსიფიკაცია გააკეთო. ერთის მხრივ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება აღიქმება ნორმად, ასოცირდება გართობასთან, მაგრამ ვიღაცა მთაში სალაშქროდ დადის. მთავარია არ იყო მონო ქცევაზე მიჯაჭვული და მეორეა უნარჩვევები გქონდეს, რომ გართობის დივერსიფიკაცია გააკაეთო.
ხშირად ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ მოვისმენთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას, რომ ის არ ეხმარება ადამიანებს არ მოიხმარონ.
ჯანსაღი ცხოვრების წესი არ არის მოხმარების საწინააღმდეგო საშუალება. ეს შენი სურვილია, რომ გარკვეული სტილით იცხოვრო. ჩვენ განვსხვავდებით, ვიცნობ ადამიანებს, ვინც აპოლოგეტები არიან ჯანსაღი ცხოვრების წესის, ვიცნობ ადამიანებს ვინც ყოველდღე იღებს ალკოჰოლს მაგალითად, ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო მეტი დალია, როგორ გაითიშა და ა. შ. ეს პრიორიტეტების, ფასეულობების საქმეა და ჩვენ ვერავის ვერ ჩავუნაცვლებთ და ვერ შევუცვლით ფასეულობებს. აქ კიდევ ერთი მომენტია, რომ ხშირად ლაპარაკობენ – რისკები თუ ეცოდინება აღარ მოიხმარს და ამაზეა აგებული მაგალითად ბევრი მედია კამპანია ფსიქოაქტიურ საშუალებებზე – „ახალი ფსიქოაქტიური საშუალება დაგიქვეითებს პოტენციას, გაგიჩენს ონკოლოგიური დაავადებების რისკს“ და ა. შ. კვლევებით დადგინდა, რომ მარტო ცოდნა არ მუშაობს, შეიძლება იცოდე, მაგრამ მაინც მოიხმარდე, იმიტომ რომ ვიღაცას ბაძავდე, ან სულაც გინდოდეს, რომ შენ თავს ავნო, ცნობიერეად თუ არაცნობიერად ან არ გჯერა უბრალოდ, რასაც არ უნდა გეუბნებოდნენ არ გჯერა.
მიუხედავად ამისა, მაინც ერთ-ერთი კომპონენტია რისკების ცოდნა. ასე გახმაურებული მედია კამპანიიდან არა, მაგრამ თუ რაღაცას მოიხმარ გათვითცნობიერებულად უნდა მოიხმარო, იცოდე რა რისკებს შეიცავს, მიჩვევის პოტენციალი რა არის. ფხიზლად იყო არ მოატყუო შენი თავი. თუ ხედავ რომ პრობლემა გექმნება არ დაუხუჭო თვალი. იმიტომ რომ ეს რეალური პრობლემაა, რომელიც მერე ბევრ სხვა პრობლემას იწვევს. როდესაც ადამიანი ცდილობს თავისი გზა აირჩიოს, რეალიზება მოახდინოს საკუთარი თავის, ეს გარკვეულწილად მას იცავს, თუნდაც მის წრეში მოიხმარდნენ, აღარ იყოს როგორც ყველა. თორემ ლაშქრობაშიც შეიძლება წახვიდე და ექსკურსიაზეც და ძირითადად იქ სვამენ ხოლმე. ცხოვრების ჯანსაღი წესი არ არის მაიცდამაინც ამისი ალტერნატივა ეს უფრო არჩევანია ჩემთვის, აი როგორ გინდა რომ იყო.
თუმცა ხშირად მომხმარებელს უჩნდება კითხვა თუ არ მოვიხმარ მაშინ რას გავაკეთებ, თუ არ მოვწევ ამის მაგირად რას გავაკეთებ?
ეს ძალიან კაი შეკითხვაა, თუ არ მოვიხმარ რა გავაკეთო და ამ შეკითხვაზე პასუხი ყველას თავისი აქვს. აქაც მრავალფეროვნება არის კარგი.
ჩემი გამოცდილება ის არის რომ ჩვენი საზოგადოების წევრი არ არის მიჩვეული ბევრი ალტერნატივა დაინახოს, რასაც ცოტა შრომა უნდა, მოფიქრება უნდა, შემდეგ რაღაც ძალისხმევის ჩადება, რომ რეალიზება გაუკეთო, ცოტა ეზარებათ ხოლმე.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეულ ფიზიოლოგიურ დაავადებებზე გვსმენია, მაგრამ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ნაკლებად საუბრობენ. თუ შეგვიძლია ვთქვათ რა ფსიქოლგიური პრობლემები შეიძლება ჰქონდეს დამოკიდებულ ადამიანს?
ალბათ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები. ყველაზე დიდი პრობლემა არის მაინც ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა. როდესაც წამალდამოკიდებულებისკენ მიდის მოხმარება უფრო ადრე ჩნდება ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა, მერე მოდის ფიზიოლოგიური დამოკიდებულება. ამასთან, ფსიქოლოგიური დამოკიდებულოება უფრო გვიან გადის და შეიძლება არც გავიდეს. შეიძლება ადამიანმა შეინარჩუნოს სიფხიზლე, მაგრამ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას მთელი სიცოცხლე ებრძოდეს. ეს იმ შემთხვევაში თუ სინდრომი, ანუ თუ დაავადება (ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების აშლილობა) ჩამოყალიბდა.
მაგრამ გარდა ამისა, მთელი რიგი ფსიქო-სოციალური პრობლემები იჩენს თავს, ურთიერთბებშიც ჩნდება პრობლემები. ძალიან ხშირია დეპრესიული რეაქცია, როცა არ მოიხმარ, დაწეული გუნებაგანწყობილება, ინტერესების, მოტივაციის დაქვეითება. ძალიან ბევრს ვკამათობთ პროფესიულ წრეში, არ გვიყვარს მედიაკამპანიები და შეიძლება იყოს თუ არა კონსტრუქციული ვიდეო რგოლი პრევენციული და როგორც წესი უფრო ხშირად ვამბობთ რომ არა, იმიტომ რომ ძალიან ოდიოზური რგოლები იქმნება ხოლმე. მაგრამ ერთ-ერთი მახსოვს განხილული იყო როგორც წარმატებული და შედეგიანი, რომელსაც ერქვა „ჯორჯის ტახტზე“ და იმაზეა როგორ ატარებს ჯორჯი მთელ დღეს ტახტზე და მისი მეგობრები საინტერესო ადგილებში დადიან და ჯორჯი სულ სახლშია იმიტომ რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშაა, ტახტზე ზის და თავი ჩაქინდრული აქვს. ეს მისი მეგობრები დილით მიდიან სადღაც, საღამოს მოდიან და ჯორჯი ისევ ტახტზე ზის ჩამქვრალ ეკრანთან. ეგ არის დემოტივაცია, ინტერესების დაქვეითება, იმპულსური ქცევის კონტროლი რთულდება.
ხშირად ადამიანი ამას ვერ ამჩნევს, ჰგონია, რომ ასე ცუდად უნდა გრძნობდეს თავს, თანდათანობით ეჩვევა და ვერ გრძნობს. ძალიან საინტერესო კვლევა იყო საქართველოში ერთ-ერთ სეგმენტზე და რა საინტერესო კანონზომიერება დაიჭირა ამ კვლევამ: საკვლევი ჯგუფის მონაწილეთა 50%-მდე ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის სიმპტომები და ეგონათ რომ კარგად იყვნენ და არ სჭირდებოდათ დახმარება, ეგონათ რომ ასე ცუდად უნდა იგრძნონ თავი.
აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ დროა დახმარებისთვის მიმართოს სპეციალისტს, ვთქვათ იგივე ფსიქოთერაპევტს. აქამდე რაც ითქვა იმის მიხედვით ალბათ თუ გუნებაგანწყობილება ხშირად დაეწული აქვს, თუ ემოციების, იმპულსური ქცევების მართვა უჭირს.
კი, თუ დისკომფორტი აქვს, თუ უკმაყოფილოა თავისი ცხოვრების ხარისხით, როდესაც სასურველია ცვლილება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისში როდესაც მიდიხარ ესეეგი რაღაცის ცვლილება გინდა, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს შენი მდგომარეობა. ხშირად ფიქრობ ნორმაა რომ მე ასე ცუდად უნდა ვიყო, მაგრამ ცვლილება შესაძლებელია.
ადიქციური ქცევების თერაპიიასას ხშირად ვაწყდებით ისეთ მდგომარეობას, რომ ადამიანებს არ სჯერათ ფსიქოკონსულტანტის მიერ შეთავაზებული თერაპიული ტექნიკების.
საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში მოხდა ტრანსული მეთოდების სრული დისკრედიტაცია თუ გავიხსენებთ კაშპიროვსკის და ჩუმაკის სეანსებს, სრული ვაკხანალია იყო მაშინ ამ თვალსაზრისით. ფსიქოთერაპიული ბაზარი საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში დღესაც ჭრელია, ბევრგან და მათ შორის ჩვენ ქვეყანაშიც კანონით ეს პროფესია არ რეგულირდება. ერთის მხრივ კარგია, იმიტომ რომ ექსპერიმენტირების და განვითარების შესაძლებლობას იძლევა, მეორეს მხრივ ბევრი არაეთიკური პრაქტიკაა. ეკლექტურია პროფესიული ბაზარი იმ თვალსაზრისით, ბევრი მეთოდით მუშაობენ და ხშირად მტკიცებულებითი არ არის ეს მეთოდი.
მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეთოდია მაგალითად ადიქციებთან სამუშაო კოგნიტურ-ბიჰეივიორული თერაპია, მას ხშირად შემეცნებით-ქცევით თერაპიად ვთრგმნით ხოლმე. რას გულისხმოს ეს, ერთის მხრივ მიდის მუშაობა შემეცნებით, კოგნიტურ პროცესებზე, რომელიც ხელს გვიშლის არჩევანი დავინახოთ. როდესაც ვამბობთ რომ თერაპია ეს არის მუშაობა ცვლილებებისთვის, იმისთვის, რომ შენ შეიცვალო, შეცვალო ქცევა უნდა ხედავდდე სულ მცირე სამ არჩევანს, ორი არჩევანიც კი არ არის საკმარისი, იმისთვის რომ შენ ცვლილება განახორციელო, იმიტომ რომ ეს შავი და თეთრია, ხოლო მათ შორის უამრავი ფერი, ტონი და ტონალობაა. მუშაობა მიდის იმაზე რომ გადალახო ის აზრობრივი შეზღუდვები, რაც არჩევანის დანახვაში გიშლის ხელს და გეხმარება გააკეთო არჩევანი.
აი მაგალითისთვის ხომ შეიძლება ადამიანმა ჩამიაროს და არ მომესალმოს, ხომ შეიძლება ამაზე საშინლად მომეშალოს ნერვები, მაგრამ თუ მე გავიფიქრებ, რომ ალბათ ჩაფიქრებულია და რაღაცა პრობლემები აქვს ან ხომ შეიძლება მხედველობა არ აქვს კარგი და ვერ დამინახა. უკვე სამი ინტერპრეტაცია გვაქვს. პირველი ინტერპრეტაცია მიქვეითებს თვითშფასებას და შეიძლება შემდეგ ერთი საათი მოშხამული ვიყო, და თუ მე გავიფიქრე რომ მხედველობა არ უვარგა ან ჩაფიქრებული იყო მაშინ აბსოლუტურად მშვიდათ ვარ. თუ მე ყოველ ჯერზე როცა ვიღაცა არ მომესალმა ვფიქრობ რომ პატივს არ მცემს, მაშინ მე ქრონიკულ სტრესში ვარ. ამ მეთოდით მუშაობა სწორედ ასეთი მცდარი განზოგადებებისგან გათავისუფლებას მოიცავს.
რომ ავიღოთ ბიჰეივიორული ელემენტი, რაღაცა ქცევა დასწავლილი ქცევაა, მაგალითად მე სოციალურ სიტუაციაში ვშფოთავდი და ადამიანების უმეტესობას სოციალურ სიტუაციებში სიმორცხვე სჭირს. მე ასეთ დროს სიგარეტით ხელი რომ დავიკავე, თითქოს გამიჩნდა რაღაც საქმე და შფოთვა დამიქვეითდა, შემდეგ ეს კიდევ განმიმტკიცდა დავისწავლე ეს ქცევა. ბიჰეივიორული ელემენტი მიმართულია იმაზე რომ გადავისწავლო ის ქცევა, რომელიც ხელს მიშლის ცხოვრებაში და დავისწავლო ახალი ქვევა, ვთქვათ სოციალურ სიტუაციაში როგორ დავამყარო ურთიერთობა სიგარეტის ან ღვინის გარეშე.
კარგად სტრუქტურირებულია მოდულები, რითიც ვმუშაობთ კოგნიტურ ბიჰეივირულ თერაპიაში და ეს ხარისხს უზრუნველყოფს. ნებისმიერი ფსიქოთერაპევტი ატარებს საკუთარ პრიზმაში და თავის სტილით მუშაობს, მაგრამ არსებობს ასე ვთქვათ, ხერხემალი მეთოდში, რაც ხარისხის გარანტიაა. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა რომელიმე მეთოდი უარესია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ სწრაფ შედეგს მივაღწიოთ, შედარებით სწრაფს, მაშინ ეს ის მეთოდია, რომელის გვჭირდება. ეს მეთდი არ მიდის იმდენად ღრმად როგორც ფსიქოანალიტიური, ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია, ეს მეთოდი არ მიდის ეგზისტენციალურ წიაღსვლებში, როგორიცაა ეგზისტენციალური ანალიზი, მაგრამ სტრუქტურირებულად იმ ამოცანაზე მუშაობის საშუალებას იძლევა რა ცვლილების განხორციელებაც ადამიანისთვის აქტუალურია, ცხოვრების ამ ეტაპზე.
ამ პროცესში რა როლი აქვს თავად კლიენტს? ან თუ საჭიროა რომ მისი ოჯახის წევრი ან პარტნიორი იყოს ჩართული თერაპიაში?
მადლობა ამ შეკითხივსთივს, აქაც გააჩნია რა მოდულით მუშაობს თერაპევტი, გააჩნია ჰყავს თუ არა მხარდამჭერი გარემო, ყოველთვის არ არის ასეთი ფუფუნება. გააჩნია მოდულს, მიდგომას, მეთოდს. ეს არის თანამშრომლობის პროცესი.
ფსიქოთერაპევტთა პროფესიულ წრეში ასეთი კლასიფიკაციაც კი არსებობს: 1. კლიენტი, რომელიც მოდის სერვისის მისაღებად, 2. კლიენტი-სტუმარი, რომელიც მოდის იმიტომ რომ ვიღაცამ იმ მომენტში აიძულა და იმისთვის რომ ეს აეცილებინა მოდის და ამბობს „აი ვიყავი და რა“, კიდევ ერთი, მე-3 კარეგორიაა კლიენტის, რომელიც მოდის რომ დაგიმტკიცოს რომ შენც ვერ უშველი. ასეთი კლიენტი სავარაუდოდ რამდენიმე სპეციალისტთან უკვე ნამყოფია და კიდევ რამდენიმესთან მივა, რათა დაამტკიცოს, რომ ვერავინ შველის.
თუ კლიენტი მოდის სერვისის მისაღებად, უნდა იცოდეს, რომ შედეგისთვის თანამშრომლობაა საჭირო და ამაში თავადაც უნდა ჩადოს დროც და ენერგიაც. ჩვენს პროფესიაში იყო მითი, რომ თუ კლიენტი ფულს არ იხდის ის ინვენსტიციას არ აკეთებს და ეს მითია, იმიტომ რომ ინვესტირება არ ხდება მხოლოდ ფულით, ინვესტირებას აკეთებ შენი დროით, იმ შეთანხმებების შესრულებით, კოგნიტურ ბიჰეივიორულ თერაპიაში არის საშინაო დავალებები ხომ, ერთ კვირას რომ ხვდები და მეორე კვირას მოდიხარ უნდა გაავარჯიშო ის უნარჩვევები, რაც გჭირდება რომ შეცვალო.
საქართველოში უკვე ბევრი გამოცდილება გვაქვს უფასო სერვისების კეთების, მაგალითად 2010-ში გავაკეთეთ ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, დელიქვენტობის პრევენციის სერივსი, ფისიქიკრუი ჯანმრთელობის მულტიდისციპლინარული სერვისი. 2013 წლიდან ეს სერვისი გაიშალა განათლების სამინისტროს მანდატური სამსახურის დონეზე სკოლებში. დასაწყისში ეს სერვისი ჩვენი ორგანიზაციის გაკეთებული იყო „ფონდი გლობალური ინიციატივე ფსიქიატრიაში და უფასო იყო ეს სერვისი. 2018 წლიდან გავაკეთეთ კლუბი სინერგია“, რომელიც 14 დან 25 წლამდე ახალგაზრდებთან მუშაობს და ეგეც უფასოა.
ასევე გავაკეთეთ ჩვენი დევნილებისთვის უფასო სერვისი, 2016 წლიდან გავაკეთეთ უკრაინაში უფასო სერვისი ერთი დნეპროში ერთი ლვოვში ერთი კიევში და ახლა ომის პერიოდშიც გავაკეთეთ ისევ ურაკინელებისთვის უფასო სერივისი.
ძალიან მნიშვნელოვნაია კარგი თანამშორმლობა თერაპევტს და კლიენტს შორის. ამას თერაპიულ ალიანს ვეძახით ან კიდევ ვამბობთ რომ კარგი რაპორტი დავამყარეთ ადამიანთან და მერე გააჩნია როგორ ვმუშაობთ, შეიძლება ოჯახის წევრიც ჩავრთოთ. ეს შეიძლება იყოს ერთი სესია ან შეიძლება რეკომენდაცია მივცეთ რომ ოჯახმა გაიაროს თერაპიული კურსი სხვა სპეციალისტთან. შესაძლოა თუ პარტნიორი თანადამოკიდებულია მასაც ესაჭიროებოდეს თერაპია და ეს ერთ კონსულანტთან შეიძელბა ვერ მოხერხდეს. თუ ისეთი დიზაინი აქვს პროგრამას შეიძლება ფსიქოგანათლების ნაწილს დაესწროს ოჯახის წევრი რამდენიმე სესიისთვის ან ერთი ერთობლივი სესიაც ჩავატაროთ.