შინაური ცხოველები პოზიტიურ გავლენას ახდენენ ჩვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რადგან მათთან ურთიერთობა სხეულში ბედნიერების ჰორმონების მატებას იწვევს. ზოგადად, ძაღლთან, კატასთან, ან სხვა შინაურ ცხოველთან თამაში ამაღლებს ადამიანის თავის ტვინში დოპამინის და სეროტონინის გამომუშავებას. აღნიშნული ორივე ჰორმონის ათვისების მექანიზმი, როგორც წესი, ზიანდება ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჭარბად მოხმარებისას. ცხოველები გვეხმარებიან არა მხოლოდ ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში, შფოთვისა თუ დეპრესიის შემცირებაში, ასევე თავდაჯერებულობის აღდგენაში, რადგან უპირობო სიყვარულს გვთავაზობენ.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების აშლილობა კომპლექსური მოვლენაა, რომლის შედეგები ფიზიკურ და ამავდროულად, ფსიქო-სოციალურ დონეებზე ვლინდება. შინაურ ცხოველებს მნიშვნელოვნად შეუძლიათ აამაღლონ დამოკიდებული ადამიანების შანსები, დაიბრუნონ საკუთარი ცხოვრება, შეწყვიტონ, შეამცირონ მოხმარება, ან თუნდაც, მართონ ადიქცია იმდაგვარად, რომ მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდეს.
- ემოციური კომფორტი
ყველამ, ვისაც ჰყავს ცხოველი, იცის, რომ ის ინტუიტიურად გრძნობს ადამიანის დაქვეითებულ გუნებაგანწყობილებას. მას შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა რთულ პერიოდებში ან რთული დღის ბოლოს. ცხოველის გვერდით თქვენ არ იგრძნობთ თავს მარტოდ, რაც შეამცირებს სევდასა და სხვა ნეგატიურ ემოციებს, დაგიცავთ რელაფსისგან.
- სტრესის შემცირება
როდესაც ხედავთ თუ როგორ უხარია ცხოველს თქვენი სახლში დაბრუნება, ეს გეხმარებათ სტრესის შემცირებაში და პოზიტიურ განწყობის შენარჩუნებაში. პრაქტიკულად შეუძლებელია ცუდ ხასიათზე დარჩენა, როდესაც ცუგას კუდის ქიცინს ვუყურებთ ან ფისო გვისმევს თავს ხელზე მოფერების მოთხოვნით. ამავდროულად, ცხოველების ქცევა ხშირად იწვევს ჩვენში ღიმილს, სიცილს, რაც ასევე დადებითად აისახება სტრესის შემცირებაზე, რადგან სიცილი ხსნის კუნთების დაძაბულობას და მთელ ორგანიზმში რელაქსაციას იწვევს.
- რუტინის დანერგვა და შენარჩუნება
ცხოველი დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც უზრყნველყოფს მის კვებას, ჰიგიენას, გასეირნებას, სამედიცინო მოვლას და ა. შ. შესაბამისად, ცხოველის ყოლა გვეხმარება გარკვეული რუტინის გამომუშავებასა და შენარჩუნებაში. ეს უნარი ღირებულია ნებისმიერ სიტუაციაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ადიქციის მქონე ადამიანი ცდილობს საკუთარი ყოველდღიურობის სტრუქტურირებას და დისციპლინის გამომუშავებას.
- მარტოობის და მოწყენილობის ემოციები ასე ხშირად აღარ გვეწვევიან
როდესაც ადამიანი ცდილობს ალკოჰოლის თუ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემცირებას ან არიდებას, შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ძველ მეგობრებთან სოციალიზაცია გარკვეული რისკების, ტრიგერების შემცველია რელაფსის თვალსაზრისით. ჩვეული სოციალური წრისგან დისტანცირებამ კი შეიძლება გამოიწვიოს სიმარტოვის, მოწყენილობის ემოცია, რაც ასევე არასასურველია რეაბილიტაციის პერიოდში. შინაურ ცხოველს შეუძლია თქვენი თავისუფალი დროის შევსება და ამით მოწყენილობის და სიმარტოვის ემოციების განეიტრალება.
- პასუხისმგებლობის გრძნობის მხარდაჭერა
ადიქციის დაძლევისთვის თუ მართვისთვის გვჭირდება პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. ცხოველის ყოლა ანვითარებას პასუხიამგებლობით მოქცევის უნარს და აძლიერებს მას. ჩვენი ცხოველების გადარჩენა და კარგად ყოფნა ხომ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად პასუხისამგებლიანად ვექცევით.
- ჩაკეტილობის დაძლევა
საკუთარ პრობლემებზე მუდმივმა კონცეტრაციამ შეიძლება შფოთვამდე, ჩაკეტილობამდე მიგვიყვანოს. ცხოველებს ნამდვილად აქვთ უნარი ჩვენი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ და ამით დროებით შეგვაწყვეტინონ პრობლემებზე ფიქრი, რაც პოზიტიურად აისახება ჩვენ ფსიქიკურ ჯანრმთელობაზე.
- ყურადღების გადატანა
ადიქციისგან რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე გვჭირდება გადავაჩიოთ ტვინი ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე ფიქრისგან. ამ დროს ძალიან სასარგებლოა ყურადღების რაიმე სხვა საგანზე, ქმედებაზე გადატანის სავარჯიშოები. თუ სავარჯიშოების კეთება დაკავშირებულია დამატებით ძალისხმევასთან და მოტივაციასთან, ცხოველი ადვილად ახერხებს თქვენი ყურადღების ფოკუსში ყოფნას და ამით ხელშემშლელი ფიქრების გაფანტვას, თუნცად მხოლოდ მათ თამაშს აკვირდებოდეთ.
- სოციალური კონტაქტების ხელშეწყობა
ცხოველის ყოლა აადვილებს ახალი სოციალური კონტაქტების დამყარებას. ძაღლის პარკში სეირნობისას მეტი შესაძლებლობა გვაქვს გავიცნოთ ახალი ადამიანები, გავერთიანდეთ სხვადასხვა ჯგუფებში სხვადასხვა ინტერესების მიხედვით.
- ფიზიკური აქტივობის ხელშწყობა
ძაღლის გარეთ გაყვანა დღეში სულ მცირე ორჯერ არის საჭირო, ხოლო კატასთან აქტიური თამაში დღეში ერთხელ მაინც. ამასთან არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია გარეთ, მაინც მოგიწევთ ცუგას გასირნება, რა დროსაც თქვენ იმოძრავებთ და სუფთა ჰაერს ჩაყლაპავთ. შესაძლოა სპორტითაც უფრო ადვილად დაკავდეთ. ფიზიკური ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის პროცესში, რადგან აუმჯობესებს ადამიანის თავის ტვინში ბიოქიმიურ აღდგენით პროცესებს და დადებითად აისახება ჩვენ გუნებაგანწყობილებაზეც.
- თავდაჯერებულობის ამაღლება
ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრობლემური მოხმარება ხშირად იწვევს სტიგმას, რის შედეგადაც ზიანდება ადამიანის თავდაჯერებულობა. ცხოველების უპირობო სიყვარული და მიღება გვეხმარება საკუთარი თავის შესახებ პოზიტიური დამოკიდებულების გაღვივებასა და შენარჩუნებაში.
- უპირობო მხარდაჭერა
წამალდამოიდებულ ადამიანს ოჯახის წევრები ხშირად პირობის წინაშე აყენებენ – თუ შეწყვეტს მოხმარებას ამ შემთხვევაში მიიღებს მათ მხარდაჭერას, ხოლო თუ არ შეწყვეტს მაშინ ვერ მიიღებს. დამოკიდებულების და მისი დაძლევის პროცესის ასეთი შავ-თეთრი გაგება, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას და არც თერაპიულ ამოცანებს. რეაბილიტაციის გზა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ამასთან, ზოგი ადამიანის შემთხვევაში შესაძლოა მოხმარების არა შეწყვეტა, არამედ მოხმარების შემცირება ან ჩანაცვლებითი თერაპია იყოს გამოსავალი. ცხოველის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა რთულ გზაზე გვაძლიერებს და მოტივაციის შენარჩუნებაში გვეხმარება.
- გულისცემის და წნევის რეგულაცია
შინაური ცხოველების ყოლა, განსაკუთრებით კი მათი მოფერება გვეხმარება დავირეგულიროთ გულისცემა და წნევა. კვლევებით დადგენილია, რომ შინაური ცხოველების მეპატრონეებში სტრესის ჰორმონის – კარტიზოლის დონე უფრო დაბალია.
სტატია ნათარგმნია შემდეგი წყაროდან: