კითხვებს პასუხებს ფსიქიატრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ირმა კირთაძე
როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ადიქტოლოგიის მიმართულებით, რა გამოწვევები იყო? რა მიღწევები?
მე ძალიან რთულ პერიოდში მომიწია სკოლის პერიოდმა და სტუდენტობამაც. სკოლა დავამთავრე 1995 წელს, როდესაც არ იყო არც წყალი, არც შუქი, არც გაზი. გარშემო არაფერი არ ხდებოდა, კინოც კი არ იყო. ასეთ პეირიოდში სტუდენტობა რთული იყო და ერთმანეთის დანახვა და ერთად მეცადინეობა გვიხაროდა. მაშინ ვხუმრობდით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლა შრომა-გასწორების კოლონიაში ყოფნის ტოლფასი იყო. ან უნდა გესწავლა, ან არა და თუ სწავლობდი, ეს ნიშნავდა დღე და ღამე დაუღალავ შრომას. როდესაც დავამთავრე სამედიცინო უნვერსიტეტი, გავყევი ფსიქიატრიის მიმართულებას, თუმცა იქ უფრო დეპრესიული სიტუაცია დამხვდა.
მე ბავშვთა ფსიქიატრიის მიმართულება მაინტერესებდა, მაგრამ ეს მიმართულება არ იყო კარგად ჩამოყალიბებული. გარდა ამისა ძალიან გამიჭირდა ბავშვთა ფისიქიატრიის სწავლა ემოციური კუთხით, რადგან იმ პერიოდში უკვე ორი შვილი მყავდა და დედის პერსპექტივიდან დანახვა იმ სიძნელეების რაც განსაკუთერებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ეხება, გაცილებით რთული აღმოჩნდა. უმწეობის განცდა ჩემთვის ემოციურად რთული ასატანი იყო. რაღა დაგიმალოთ და სტუდენტს ისედაც მწირი შესაძლებლობებით დიდი დახმარების საშუალება არ ჰქონდა, ასევე გარემო – მაშინდელი ასათიანის საავადმყოფო არანაირად არ იყო სასურველი გარემო სამუშაოდ. ექიმობა ჩემთვის ბავშვობიდან სასურველი პროფესია იყო, თუმცა სწორედ ამ უმწეობის პერიოდში აღმოვაჩინე, რომ არ ვარ ექიმი და უცებ თავი ამოვყავი დამოკიდებულების კვლევების სფეროში წამალდამოკიდებულების მიმართულებით.
იმ პერიოდში საქართველოში ყველაზე აქტუალური და რთული პრობლემა სწორედ წამალდამოკიდებულება იყო, რადგან არ იყო მაშინ კლუბური ნარკოტიკები, ხოლო ინექციური მოხმარება იყო ძირითადად გავრცელებული. იყო საჭიროება აივ ინფექციის მიმართლებით კვლევების ჩატარების. ვხედავდით, რომ ბევრი რამ იყო გასაკეთებველი ამ სფეროში და რაღაც უნდა შეცვლილიყო. რამდენიმე კოლეგასთან ერთად ჩამოვაყალიბეთ კვლევითი ოროგანიზაცია – დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია”. ამის შემდეგ უკვე დავრჩი ადიქტოლოგიის დარგში მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი მქონდა ჭიდილი ფსიქიატრიასა და ადიქტოლოგიას შორის, რადგან მიჭირდა ფსიქიატრიის დარგის მიტოვება და დათმობა. როდესაც მივხვდი, რომ ორივეს ერთად ვერ გავაკეთებდი და ერთი უნდა ამერჩია, ავირჩიე ადქციის მიმართულება. ადიქციის დარგში ბევრი პრობლემა იყო, არ არსებობდა ნარკოპოლიტიკა ან სისტემური მიდგომა. მოგვიანებით შეიქმნა ნარკოლოგთა ასოციაცია, ჩატარდა კვლებები და ა.შ. ეს არ ყოფილა იოლი გზა, ნარკოპოლიტიკის სფეროში, იქნება ეს სერვისული ორგანიზაციების ქონა თუ სხვა გადაწყვეტილებების მიღება, დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. მიუხედავად სირთულეებისა, დღემდე მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა და გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები. ერთ-ერთი მათგანია მეთადონის პროგრამა და ბუპრენორფინით მკურნალობა. მედიკიამენტით მხარდაჭერილმა მკურნალობამ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
რამდენად შეიცვალა დამოკიდებულება დღეს, თუნდაც ტერმინების დონეზე? მაგალითად, ჩანაცვლებით პროგრამას რასაც ვეძახდით, ახლა სამკურნალო პროგრამას ვუწოდებთ.
ჯერჯერობით ჩვენ ქვეყანაში ჩანაცვლებითი თერაპია ეწოდება, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი მიდგომის თანახმად მედიკამენტით მხარდაჭერილი აგონისტური მკურნალობა ეწოდება. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი მკურნალობის, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს მიერ და მისი ეფექტურობა დასაბუთებულია. მას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, ისევე როგორც ყველა მკურნალობის მეთოდს.
მკითხველისთვის რომ განვმარტოთ, რას ნიშნავს მკურნალობა და ეფექტურობა და რაში გამოხატება ადამიანებისთვის, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგს ჰგონია, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის ფარგლებში არალეგალური ნარკოტიკის მაგივრად მოიხმარს ლეგალურს და სტიგმა ისევ რჩება.
სინამდვილეში საქმე გაცილებით მარტივად არის. უხეშად რომ დავყოთ გვაქვს მკურნალობის ორი ტიპი: 1.დეტოქსიკაცია და 2.აგონისტებით მხარდაჭერილი მედიკამენტური მკურნალობა.
რაც შეეხება დეტოქსიკაციას, როელიც სტაციონარული ტიპის მკურნალობაა, მისი მიზანია გაანთავისუფლოს ადამიანი ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულებისაგან. მკურნალობის შედეგად ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს აღკვეთის სინდრომის ნიშნები. ამის შემდეგ არ სრულდება მკურნალობა, არამედ იწყება, რადგან მას მოსდევს გრძელვადიანი ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა. ეს უკანასკნელი უნდა გრძელდებოდეს სულ ცოტა ერთი ან ორი წელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დეტოქსიკაცია არ იქნება ეფექტური, შესაძლოა მალე განვითარდეს რეციდივი.
რაც შეეხება მკურნალობის მეორე ტიპს, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც ჩანაცვლებითი თერაპია (რომელსაც აგონისტების მხარდაჭერილ მკურნალობას უწოდებს ჯანმო), აღიარებს იმას, რომ ზოგი ადამიანი არ არის მზად და არ შეუძლიათ დღეს ჩაიტაროს დეტოქსიკაცია. მათი მოხმარების პერიოდი წლებს ითვლის და არ არის მარტივი ორ კვირიანი დეტოქსიკაციის მერე სრულებით შეწყვიტონ ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღება. აგონისტებით მხარდაჭერილი მკურნალობის თერაპია ძალიან კარგ საშუალებას იძლევა, ადამიანი შეემზადოს ფსიქოაქტიური ნივთიერების აღკვეთისთვის. ამ მედიკამენტების დახმარებით ადამიანი იწყებს ფხიზელ ცხოვრებასთან შეგუებას. მეთადონის ან ბუპრენორფინის დანიშვნა ხდება ექიმის მიერ. ორივე მედიკამენტს აქვს ხანგრძლივი მოქმედება, არ ვითარდება აღკვეთის მდგომარეობა, ფსიქო – ემოციური მდგომარეობარაც სტაბილურია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უმჯობესდება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან აღარ იკეთებს ინექციას. ვენის ჩხვლეტას მივყავართ ვენების დაზიანებისა და კოლაფსამდე, სისხლის მიმოქცევის დარღვევამდე, ამიტომ ინექციის ჩამოცილება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევს. მედიკამენტური მკურნალობის კიდევ ერთი უპირატესობაა არის ის, რომ აღარ არის ზედოზირების ალბათობა, რადგან ექიმის მიერ მკაცრად არის გაკონტროლებული მედიკამენტის დოზები. ნულს უტოლდება შპრიცების გაზიარების პრაქტიკაც – შესაბამისად სისხლით გადამდები ინფექციების რისკიც, რადგან ადამიანი აღარ მოიხმარს ინექციურ ნარკოტიკს. მკურნალობის გვერდითი ეფექტია ადამიანის ჩამოცილება კრიმინალური სამყაროსგან, თავად ნარკოტიკის მოპოვება კრიმინალური აქტია. მკურნალობის დროს აღარ უწევთ ადამიანებს გარიგებებში შესვლა ფსიქოაქტიური ნივთიერების მოსაპოვებლად. პრაქტიკულად უთავისუფლდება დიდი დრო, რომელიც შეუძლია მოახმაროსმის რესოციალიზაციას – ოჯახში დაბრუნებას, საინეტერსო საქმიანობის მიმართ კვლავ მიბრუნებას, აქვს საშუალება ფხიზლად ცხოვრება ისწავლოს ხელახლა, დაესწროს თერაპიულ კურსს და ა.შ. მიიღოს კომპლექსური მკურნალობა, რომლის მიზანია ადამიანის ფხიზელი ცხოვრებისთვის შემზადება, რომლის პროცესშიც ის უამრავ სარგებელს იღებს, მათ შორის სიმშვიდეს ოჯახში. ასევე უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ რეგიონში აგონისტებით მხარდაჭერილი მედიკამენტური მკურნალობა რუსეთშიც კი არ არის ხელმისაწვდომი. საქართველოში ამ პროგრამის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ოც წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგს.
რას ნიშნავს იყო ფიზიკურად დამოკიდებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებზე? დამოკიდებულების ნეირობიოლოგიურ მექანიზმებზეც რომ ვისაუბროთ, რადგან ხშირად დამოკიდებულებას ეძახიან მავნე ჩვევას და სათანადოდ არ არის აღქმული.
ძალიან ბევრი თეორია არსებობს იმაზე, თუ რა არის ძირითადი ფაქტორები და რა განაპირობებს ადამიანებში წამალდამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ყველა დროს ყველა კულტურაში არსებობდა ისეთი ნივთიერება, რომელიც განსხვავებულად და გამაბრუვებელი ეფექტით აგრძნობინებდა ადამიანს თავს, გამონაკლისია ესკიმოსები (გასაგები მიზეზების გამო, რადგან მუდმივ თოვლსა და ყინვაში არ ხარობს მცენარეები) სადაც არ იყენებდნენ მცენარეებს განსხვავებული მდგომარეობის ყოფნისთვის. თუმცა, დღეს რასაც ვეძახით ჰოლოტროპულ სუნთქვას, ეს მათთვის განუყოფელი ნაწილი იყო და მისი მეშვეობით აღწევდნენ ტრანსის მდგომარეობას. ისტორიის მანძილზე ადამიანი ყოველთვის ეძებდა ისეთ რამეს, რაც მიანიჭებდა განსხვავებულ მდგომარეობას. ამის საჭიროება გარკვეულწილად ადამიანს სულ აქვს, რადგან ის კომფორმისტია ბუნებით და მუდმივად კომფორტული მდგომარეობის ძიების პროცესშია და რა გასაკვირია, როდესაც კომფორტის ძიებაში ის იყენებს სხვადასხვა ფსიქოაქტიურ საშუალებებს. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ კონკრეტული მცენარეები რას იწვევდა და როგორ გამოეყენებინათ, მათ შამანებს უწოდებდნენ. თავად ჩვენი კოლხი მედეაც, ცნობილია როგორც გარკვეული სამკურნალო საშუალებების მცოდნე. ცოდნა გროვდებოდა და დროთა განმავლობაში შეიქმნა მედიკამენტები, მათი გამოყენება დღეს ადამიანების ჯანმრთელობის სასარგებლოდ ხდება.
თუმცა ნეირომეცნიერება, იქიდან მოყოლებული რაც სწავლობს ადამიანის ტვინში მიმდინარე მოვლენებს, სხვადასხვა ნივთიერებზე თუ იმპულსზე საპასუხოდ რა მექანიზმი მუშაობს ადამიანის ტვინში, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი არ ვიცით, ვიდრე ვიცით. რაც ამ ეტაპზე ვიცით არის ის, რომ თავის ტვინის ნეირობიოლოგიური მექანიზმის დონეზე ვითარდება დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ფსიქოატიური ნივთიერებები, რომელსაც გარედან იღებს ადამიანი, ის უკვე ერთვება ისეთ გამშვებ მექანიზმებში, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევზე, გუნებაზე – განწყობილებაზე და ცვლიან მას. იმის მიხედვით, თუ რომელ ნივთიერებას იყენებს ადამიანი, შესაბამისად იცვლება მისი განწყობაც.
ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების შემდეგ თავის ტვინი იძულებულია უპასუხოს მას, ხოლო დროთა განმავლობაში ეს პასუხი განსხვავებული ხდება, ტვინი ვეღარ ეგუება იმას, რომ აიძულებენ რაღაცის კეთებას. იზრდება ტოლერანტობა, შედეგად კი ადამიანს უწევს დოზის გაზრდა. იკვრება ჯაჭვური წრე, რა შემთხვევაშიც თუ ადამიანი არ იღებს ნივთიერებას, წარმოიქმნება ისეთი ციკლი, რომელიც ადამიანს ნორმალურად ყოფნაში უშლის ხელს. ნივთიერება ხდება ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი თავს გრძნობს ძალიან ცუდად, რა დროსაც ვერ მუშაობს, ვერ გადის სახლიდან, ვერ დგება საწოლიდან და ა.შ. როცა ადამიანმა იცის, რომ არსებობს ნივთიერება, რომელიც მის ცუდად ყოფნას და სიმპტომებს აალაგებს, ეს იმდენად ძლიერი ფაქტორია, რომ შეუძლებელი წინ აღუდგეს მოხმარების ქცევის გამეორებას. სიტყვათა ერთობლიობა – “მავნე ჩვევა” სრულიად არასწორია იმ მდგომარეობასთან მიმართებაში, რასაც განიცდის დამოკიდებული ადამიანი. მისი ქცევა, რომელიც თავიდან იყო ნებაყოფლობითი, ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების შედეგად ყალიბდება კომპულსიურ ქცევად, რომელსაც თავს ვეღარ არიდებს.
წამალდამოკიდებულებას დღეს განვიხილავთ როგორც კომპლექსურ, ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორების ერთობლიობას და ინტერაქციას. რაც შეეხება გენეტიკურ ფაქტორებს, მხოლოდ ალკოჰოლის შემთხვევაში დასტურდება მეტი ალბათობა იმისა, რომ განვითარდეს დამოკიდებულება, თუ ადამიანს აქვს ოჯახში მოხმარების ისტორია. რაც შეეხება სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, გენეტიკური ფაქტორის გავლენა ვერ დასაბუთდა. ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ გენეტიკური წინასწარგანწყობა სრულიად არ ახდენს გავლენას. ვერ დასაბუთება შესაძლოა განპიორბებული იყოს არასაკმარისი მონაცემების არსებობით, თუმცა დღეს ეს მოცემულობა გვაქვს.
დედის მხრიდან გავლენას რაც ეხება, სტიმულატორების ჯგუფის ნივთიერებების მოხმარება იწვევს ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფში გარკვეული დარღვევების გამოვლენას, როგორიცაა მაგალითად, კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა და ა.შ. თუ ორსული დედა დამოკიდებულია ოპიოიდების ჯგუფის ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, არ არის რეკომედნირებული მან შეწყვიტოს მოხმარება ან ჩაუტარდეს დეტოქსიკაცია, რადგან მუცლად მყოფ ნაყოფს ექმნება დაკარგვის საფრთხე. ასეთ შემთხვევაში ჯანმოს რეკომენდაციით მიზანშეწონილია აგონისტებით მხარდაჭერილი მედიკამენტური თერაპია მეთადონით ან ბუპრენორფინით. აღნიშნული მკურნალობის უპირატესობა ის არის, რომ იბადება ჯანმრთელი ბავშვი, ხოლო აღკვეთის სინდრომის მქონე ბავშვის დაბადების შანსი ძალიან მცირდება.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ალკოჰოლის მიღება ორსულობის პერიოდში კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან მას აქვს ძალიან დიდი გავლენა ნაყოფზე. შესაძლოა ნაყოფი ჩამორჩეს ზრდას და არ ჰქონდეს გამკლავების იმგვარი უნარები, როგორიც შეიძლება ჰქონოდა ნორმალური გამვითარების მქონე ახალშობილს. რაც შეეხება ნიკოტინის მიღებას ორსულობისას, ნიკოტინი წარმოადგენს სტიმულატორების ჯგუფს და ორსულობის პერიოდში რეკომენდაციაა – რაც მალე შეწყდება სტიმულატორების ჯგუფში შემავალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება, მით უკეთესი. ოპიოდებისგან გასხვავებით არ აქვს გაგრძელების რეკომენდაცია, პირიქით, როგორც კი შეძლებს უნდა შეწყვიტოს მოწევა. თუ პირობითად ერთ კოლოფს ეწეოდა და მას არ შეუძლია, არ შესწევს უნარი სრულად შეწყვტოს მოხმარება, მაშინ შემცირება რა თქმა უნდა, არის გამოსავალი, თუმცა სწორი რეკომენდაციაა თუ შეძლებს, აუცილებლად შეწყვიტოს მოწევა. სტიმულატორი შესაძლოა გახდეს ნაადრევი მშობიარობის წინაპირობა და ნაყოფის ზრდა – განვითარების შეფერხების მიზეზი.
რაც შეეხება ელექტრო სიგარეტს, ბოლო დროს მასიურად გადადიან მწეველები მის მოხმარებაზე როგორც მოწევის შეწყევტის ალტერნატივაზე. შესაძლოა თუ არა ჩავთვალოთ ელ. სიგარეტი მოწევის ალტერნატიულ გზად და რა რისკები აქვს მის გამოყენებას?
მეცნიერებას ჯერჯერობით ამ კითხვაზე არ აქვს ერთიანი გარკვეული პასუხი, რადგან გახურებადი თამბაქოს ნაწარმი და ვეიფები ახალი პროდუქტია და ჯერ კიდევ გადის კვლევებს. აღნიშნული პროდუქტები სწორედ იმ მოტივით გამოჩნდა ბაზარზე, რომ შესაძლოა დაეხმარონ მწეველებს მოხმარების შეწყვეტაში. მაგალითად აიქოსი ფილიპ მორისის პროდუქტია და მისი აბრევიატურა საზოგადოებაში განიხილებოდა როგორც I quit ordinary smoking (IQOS), ანუ მე ვწყვეტ ჩვეულებრივ მოწევას. შეიქმნა მოლოდინი, რომ ეს არის მოწევის შეწყვეტის საშუალება.
სინამდვილეში ელ. სიგარეტის სითხეში ძალიან რთულია გააკონტროლო ნიკოტინის კონცენტრაცია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივ სიგარეტის ღერებში დაახლოებით ერთნაირი კონცენტრაციის ნიკოტინია. მომხმარებელი ვერ აკონტროლებს ელ. სიგარეტის ნიკოტინის რაოდენობას, რის შედეგადაც უფრო მეტ ნიკოტინს იღებსმ ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაში. ვიღაცამ კარგად მოირგო და შეძლო მოწევისთვის თავის დანებება, თუმცა ვიღაცამ ვერ შეძლო. ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ელ. სიგარეტი ჯანმრთელობისთვის ისეთივე საზიანო, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი. რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ ელ. სიგარეტში არ არის კუპრი – კარცენოგენული ნივთიერება. ასევე აიქოსის შემთხვევაში, თუ ის ყოველი მოხმარების შემდეგ არ გაიწმინდა, რჩება კუპრის მცირე ნადები, რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
სკოლის მოსწავლეებში იმატა ელ. სიგარეტის მოხმარებამ როგორც ნიკოტინის შემცველი, ასევე უნიკოტინო ვეიპებმა. ჯანმოს რეკომედაციით მოზარდებისთვის ნებისნიერი მოსაწევი საშუალება არ არის უსაფრთხო, მაგრამ თუ შევადარებთ ნიკოტინის შემცველ საშუალებებს, არანიკოტინური ვეიპები მეტად უსაფრთხოა. თუმცა დღეს 4000-ზე მეტის სახეობის ვეიპია შექნილი, რაც მეცნიერებისთვის ართულებს მისდიოს და ფეხდაფეხ შეისწავლოს მათი შემადგენლობა და შედეგები. გახურებადი თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში მარკეტინგული გათვლა იმგვარია, რომ მეტად მისაღები გახდა ადამიანების მხრიდან და აღქმულია, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის ჩამნაცვლებელი. კვლევებით დასტურდება, რომ ვეიპში არის ნივთიერება პროპინელგლიკონი, რომლის გახურების შედეგად წარმოიშობა ფორმალდეჰიდი. ეს კი ყველამ ვიცით, რომ არის კარცინოგენული ნივთიერება. ასევე, არსებობს კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ გახურებადი თამბაქოს ნაწარმი მეტად საზიანოა, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი.
რომელია მაღალი მიჩვევის მქონე ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლების საქართველოში ნარკოსცენაზე გვაქვს? რა უნდა გაითვალისწინოს ქართველმა მომხმარებელმა, რომელიც არ არის, ან არ თვლის თავს დამოკიდებულად და პერიოდულად იღებს, მაგალითად, ე. წ. “კლუბურ” ნარკოტიკს?
ხშირად მოიხსენიებენ ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად. სინამდვილეში ასეთი დაყოფა არ არსებობს. ყველა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას თავისებური ზეგავლენა აქვს ადამიანის ფიზიოლოგიურ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ინექციური ნარკოტიკული საშუალებები მეტად მძიმე შედეგებს იწვევს, ისინი როგორც დამოკიდებულების მაღალი პოტენციალით ხასიათდებია, ასევე დიდ ზიანს აყენებენ ჯანმრთელობას. რაც შეეხსება ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებს, ბევრმა ისიც არ იცის, რას ნიშნავს კლუბური ნარკოტიკი და ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ კლუბში იყიდება.
კლუბური ნარკოტიკი ეწოდა, რადგან რიგი ფსიქოაქტიური ნივთიერებები კლუბში ადვილად მოსახმარია. ყველაზე ხშირად კლუბურ გარემოში გამოიყენება: ექსტაზიი ელესდე, MDMA და ა.შ. – სტიმულაციური ბუნების ჰალუცინოგენები, რომლებიც ცვლიან ადამიანის აღქმას, ქცევას და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ისინი ზეგავლენას ახდენენ ჩვენი თავის ტვინზე იმგვარად, რომ ურევენ ჩვენი აღმქმელი არხების მუშაობას. ეს კი გამოხატება შეგდეგში: ჩვენ მხედველობით აღვიქვამთ გარშემო რა ხდება სპეციფიკური აღმქმელი არხების მეშვეობით, რომლებიც მხოლოდ მხედველობით იმპულსებზე რეაგირებენ. სმენას თავისი აღმქმელი არხები აქვს, რომლებიც რეაგირებენ ბგერით სიგნალებზე. ჰალუცინოგენების ზემოქმედების შედაგად კი თავის ტვინში არხების მუშაობა ირევა, შედეგად იცვლება მათი ფუნქციონირება – მხედველობის აღმქმელი იწყებს სმენით აღქმას და ა.შ. ასეთ დროს თავის ტვინში დიდი რაოდენობით ნეიროტრანსმიტერები გამოიყოფა, რომელიც ადამიანს ისედაც აქვს ბუნებრივად, ოღონდ გარკვეული რაოდენობით. მათი გამოყოფა ხშირად ხდება, მაგალითად კარგი და სასიამოვნო მოვლენების საპასუხოდ. ჰალუცინოგენების გამოყენების შემთხვევაში ჰორმონები ჭარბად გამოიყოფა, დაახლოებით ერთი თვის მარაგს გამოყოფს ერთ დღეში, შედეგად კი, მეორე დღეს იღვიძებს სრულიად დაცლილი ნეიროჰორმონებით, ცუდად გრძნობს თავს, არაფერი არ უხარია. ამით დიდი ზიანი ადგება თავის ტვინს. რეცეპტორები ქრებიან, ნევრული უჯრედები ერთმანეთთან კავშირს ვერარ ამყარებენ და დღეს, როდესაც სამყარო პირიქით ეძებს გზებს, რაც შეიძლება მეტმა ნერვულმა უჯრედებმა დაამყარონ კავშირი ერთმანეთთან, აქ ვკლავთ რეცეპტორებს, რაც სამომავლოდ იწვევს კოგნიტური ფუქნციების დაქვეითებას, მეხსიერების გაურასებას, რომელიც შესაძლოა გადაიზარდოს დემენციაში.
როგორც ვიცი, ზოგიერთი ფსიქოდელიური საშუალება გამოიყენება ფსიქოთერაპიის დროს, რამდენად არის შესაძლებელი დაგვეხმაროს ის მკურნალობისას?
ეს არის ბოლოდროინდელი სიახლეები, კერძოდ, ჰალუცინოგენების გამოყენება ოპიოიდებზე დამოკიდებული ადამიანების სამკურნალოდ. გამოიკვეთა, რომ ოპიოიდებზე ძლიერი სურვილის შემცირებას ხელს უწყობს ზოგი ჰალუცინოგენი, თუმცა მათი სამკურნალოდ გამოყენება შორეული პერსპექტივაა, ჯერჯერობით კვლევებს გადის და შესწავლის საგანია. ამჟამად კეტამინი ამერიკაში დაშვებულია რეზისტენტული დეპრესიის სამკურმალოდ.
ქალი მომხმარებლების სპეციფიური საჭიროებები რა იკვეთება და რა გამოწვევები აქვთ მათ კაცებისგან განსხვავებით?
მეცნიერებამ რაც შეისწავლა არის ის, რომ ქალის ორგანიზმი მეტად მოწყვლადია ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ, ვიდრე კაცები. ამას განაპირობებს ქალის ბიოლოგიური და ანატომიური თავისებურებები, მეტად ავთვისებიანი მიმდინარეობა აქვს წამალდამოკიდებულებას. ქალს უფრო ხშირად უწევს აღკვეთის მდგომარეობების გავლა რადგან ფსიქოაქტიური ნივტიერებები ნაკლებად ხელმისაწვდომია მისთვის. ასევე ქალი მხოლოდ მაში მიდის სამკურნალოდ, როდესაც უკვე იმდენად დაზიანებულია მისი ჯანმრთელობა სხვა გამოსავალი აღარ აქვს. ქალები დროულად არ იღებენ მკურნალობას არსებული სტიგმის გამო. სტიგმა არსებობს მომხმარებელი ქალების მიმართ როგორც საზოგადოების მხრიდან ასევე მომხმარებელი კაცების მხრიდანაც. რთულ მდგომარეობაში მყოფ ქალეებს უწევთ მარტო გამკლავება დამოკიდებულებასთან. ხშირად მალავენ, რადგან აქვთ ბავშვის ჩამორთმევის შიში. არ არსებობს ქალზე ორიენტირებული სერვისები, ან თუ არსებობს ძალიან მწირია.
რა შეიძლება ვურჩიოთ დამოკიდებულ ქალებს? როგორ წავახალისოთ სერვისების გამოყენებისკენ?
მწირი სერვისების არსებობა არ ნიშნავს არ არსებობას. იგივე მეთადონითა და ბუპრენორფინით მკურნალობა ხელმისაწვდომია ქალებისთვის. ეს არის გამოსავალი, რომელიც შეგვიძლია ვურჩიოთ ქალებს. სტიმულატორებზე დამოკიდებულების შემთხვევაში დეტოქსიკაცია არის ერთადერთი გამოსავალი. ძალიან მხარდამჭერები არიან ნარკოლოგები ქალი მომხმარებლების მიმართ, თუ სამკურნალო დაწსებულებას მიმართავენ, ექიმთან გასაუბრების შედგად მიიღებენ დახმარებას. ყველაზე მნიშვნელოვანია პრობლემის აღიარება, ექიმამდე მისვლა და გასაუბრება. მაგალითად კლინიკა “ლიბერტასი” და “ნეოგენი” მიიღებს ქალებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესთავაზებს პროგრამაში ჩასმას. ბავშვიანი ქალებისთვის რთულია ჩაებას სერვისში, სადაც ყოველ დღე მოუწევს სიარული, რადგან შეიძლება არ ჰყავდეს დამტოვებელი. ეს გამოწვევად რჩება დღესაც. ხსირად ქალებს ტრანსპორტის ფულიც არ აქვთ, რომ მიიღონ ყოველდღიური სერვისი.
რაზე მუშაობთ მიმდინარე პერიოდში და რა გამოწვევები და გეგმები გაქვთ?
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში შეიცვალა ნარკოსცენა, გამოჩნდა მეტად კლუბური ნარკოტიკები და გაიზარდა კანაფის მოხმარება, დავიწყეთ ამ საკითხების შესწავლა. ბოლოს გამოვარჩევდი ჩატარებულ კვლევას, რომელიც 18 ქვეყანაში ჩატარდა კოვიდის პერიოდში, მათ შორის საქართველოში. მოგროვდა მონაცემები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თავიანთთვის ზრდიან კანაფს. ვინ არის ის ადამიანი ვინც ზრდის, რა პირობებში ზრდის (სახლში თუ გარეთ) და რა მიზნებისთვის. არის სამედიცინო მიზნებისთვის გაზრდის შემთხვევები, ისევე როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ან მეგობრებისთვის. ასევე, ეხლახანს დავასრულეთ ზოგადი მოსახლეობის კვლევა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა მათ შორის ალკოჰოლს, თამბაქოს და სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ასევე აქ შედის მოსახლეობის აზრის კვლევა, რას ფიქრობენ მათზე, ვინც მოიხმარს კანაფს. ან რას ფიქრობს სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებზე.